weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბჟანიამ და ბიბილოვმა ახალგორში ქსნის ერისთავების სასახლე დაათვალიერეს

21:58 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავზე, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, დელეგაციასთან ერთად, ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.

ბჟანია და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გუშინ ოკუპირებულ ახალგორიში ჩავიდნენ, სადაც „სახელმწიფო ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“ და 684 წლით დათარიღებული არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია დაათვალიერეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტუმრებს ქსნის ერისთავების სასახლეში (მე-12 საუკუნე) ექსკურსია მოუწყვეს, მოუყვნენ ერისთავების ცხოვრებისა და ციხის მშენებლობის ისტორიის შესახებ.

„ასლან ბჟანიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის კომპლექსის სილამაზემ და უნიკალურობამ. მან ჩანაწერი დატოვა საპატიო ვიზიტორთა წიგნში, უსურვა მუზეუმს აყვავება და მადლიერი ვიზიტორები“, – წერს ადგილობრივი მედია.

მათივე ცნობით, ბჟანიას პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მხარეებმა ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბევრი საერთო აქვთ და 2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ რუსეთი თავის მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებს.

„სამწუხაროდ, მსოფლიო არ გახდა უფრო ჰუმანური და ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება ჩვენთვის აუცილებელია. რეალურად, ჩვენ ბევრი მსგავსი პრობლემა და მიდგომა გვაქვს. ანატოლი ბიბილოვმა ისაუბრა, რა პრობლემებს აწყდება და მე გამიჩნდა განცდა, რომ აფხაზეთზე საუბრობდა. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ურთიერთობა უფრო ეფექტურად მათ გადასაწყვეტად“, – განაცხადა ბჟანიამ.

წელს რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი შესრულდა. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]