weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევა და ოპოზიციის შეფასებები

15:16 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა, შალვა პაპუაშვილმა თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. პაპუაშვილის თქმით, თბილისის მერის არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა – კახა კალაძემ და ნიკა მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, კალაძე ხმების 66.2%-ს მიიღებს, მელია კი 33.8%-ს.

„ქათული ოცნების“ კვლევის მიხედვით, პარტიათა რეიტინგი შემდეგია: „ქართული ოცნება“ – 46.3%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 23.3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 5.3%; „საქართველოსთვის“ – 5.2%; „მოქალაქეები“ – 3.3%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.3%; „ლელო“ – 2.3%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 2.1%; „ევროპული საქართველო“ – 1.4%; „გირჩი“ – 1.2%; „ლეიბორისტული პარტია“ – 0.9%; „ერთიანი საქართველო“ – 0.8%; სხვა პარტიები – 5.6%.

პაპუაშვილის თქმით, კვლევა 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩაატარეს, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79.2%-მა. ცდომილების ზღვარი 22%-ს შეადგენს.

„მე არ ველოდებოდი, რომ ნიკა მელიას 33%-ს დაუწერდნენ. მეგონა, რომ 20%-ს ქვემოთ დაწერდნენ. ვინ შეუზღუდავს? რასაც უნდა, იმას დაწერენ. ეს ითქვა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გასამხნევებლად. ვის სჯერა, რომ კახა კალაძე 66%-ს აიღებს? ეს ხომ წარმოუდგენელია“, – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, არჩევნების წინ ასეთი კვლევების გამოქვეყნების მიზანი ამომრჩევლებში განწყობების შექმნაა.

„ასეთ დროს პარტიებისთვის კვლევების მთავარი ღირებულება არის ის, რომ წინასწარ შექმნან განწყობები და არა ის, რომ რეალურად ასახონ, ვის რა მოსწონს, ვის აძლევს ხმას, არამედ ის, რომ ამომრჩეველს წინასწარ შეუქმნან გაწყობა, ვინ არის მოგებული, რადგან ამომრჩეველს უყვარს მოგებულისთვის მხარის დაჭერა. აქედან გამომდინარე, სანდოობა დაბალია“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ „ფორმულასთან“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძეც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ამ შედეგების გამოქვეყნება წინასაარჩევნოდ განწყობის შექმნის ემსახურება.

„ჩვენც შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ ჩვენი შიდაპარტიული კვლევები, რომელშიც „ქართული ოცნება“ 30%-ზე მეტს ვერ იღებს“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

„ეს არის აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის მოდელირებული რეიტინგი, ილუზიების რეიტინგი, რომელიც აჩვენებს არა ობიექტურ რეალობას, არამედ „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელ და სასურველ რეალობას. „ქართული ოცნება“ ისტერიული დემარშით გავარდა მიშელის შეთანხმებიდან ზუსტად იმიტომ, რომ გადასარევად იციან, რა არის მათი ობიექტური რეიტინგი, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 43%-ს“, – ამბობს „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ გავა და ეს ფაქტია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის არჩევნები. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად და მეტნაკლებად სანდოდ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]