მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის მთავარ მეგაპროექტად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაასახელა და აღნიშნა, რომ ის ივანიშვილების ოჯახის „უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად“ აშენდა.
„საქართველოში გვაქვს მსოფლიო დონის ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპა საქართველოში უკვე შემოვიდა და ქუთაისში გვაქვს ამ დონის უმაღლესი ხარისხის აკადემიური უმაღლესი სასწავლებელი. ამ უნივერსიტეტში მიღების თამასა არის ძალიან მაღალი, ყველაზე მაღალი საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. მიმდინარეობს ეროვნული გამოცდების შედეგების შეჯამება და არის იმის ალბათობა, რომ დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე სექტემბერში გახდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, „ჭეშმარიტად განათლებული თაობის მისაღებად“ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გუნდის გამარჯვება აუცილებელია.
მაჩხაანის სკოლასთან დაკავშირებით მერობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვები 1937 წელს აშენებულ შენობაში დადიოდნენ, ახლა კი ის პირველი სკოლაა რაიონის მასშტაბით, რომელსაც შეზრუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ლიფტი გააჩნია.