weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 პარტია ჭიათურაში მხარს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს

10:31 კვირა, 15 აგვისტო 2021

სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურის“ თავმჯდომარე, ნოდარ ჩაჩანიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი იქნება.

ჩაჩანიძის თქმით, მას მხარდაჭერას უცხადებენ და მერობის საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებენ პარტიები – „სტრატეგია აღმაშენებელი“, ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „დროა“.

„მადლობა ამ პოლიტიკურ პარტიებს და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ასეთი ნდობისთვის და ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის! აღვნიშნავ, რომ მსგავსი მოცემულობა, რაც ჭიათურაში ადგილობრივ არჩევნებზე შეიქმნა, არ იქნება არც ერთ სხვა ქალაქში... მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს არსად ისეთი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნება, როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში!

ეს ყველაფერი ნიშნავს რომ:

ჭიათურლებს გვაქვს ხელისუფლების ცვლილების რეალური შანსი და შესაძლებლობა, მთელ ქვეყანას გავაგებინოთ, რომ ჭიათურა ითხოვს ცვლილებებს და იმსახურებს ბევრად უფრო მეტს!

პირველად გვეყოლება დამოუკიდებელი, პარტიული დირექტივებისგან თავისუფალი მერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, პირველ რიგში, ჭიათურის მოსახლეობასთან და რეალურად იბრძოლებს ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული ცხოვრებისთვის!

პირველად გვაქვს შანსი, რომ გვყავდეს კოალიციური ადგილობრივი ხელისუფლება და მრავალპარტიული უმრავლესობა საკრებულოში, რომელიც არ იქნება მერის, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის ნების უსიტყვო გამტარი!

და ბოლოს, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ 31 წლის ასაკში, ჩემთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა იქნება უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი!“, – ნათქვამია ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ჩაჩანიძის თქმით, მისი საარჩევნო შტაბი უახლოეს მომავალში საკრებულოს თავმჯდომარეობის და მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატებს წარადგენს, სექტემბრის დასაწყისში კი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

ნოდარ ჩაჩანიძე „ჭიათურის ეკო კლუბის“ დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ ჭიათურის ბიუროს ხელმძღვანელიც არის. ის აქტიურად უჭერდა მხარს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად მოქმედი მერი გივი მოდებაძე წარადგინა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]