weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ოცნებიდან“ ყაზბეგის მერობის კანდიდატმა შალვა ელოშვილმა პარტია დატოვა

22:11 პარასკევი, 20 აგვისტო 2021
ფოტოზე - შალვა ელოშვილი ფოტოზე - შალვა ელოშვილი

შალვა ელოშვილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, რამდენიმე დღის წინ, 30 ივლისს წარადგინა, აცხადებს, რომ მან და მისმა გუნდმა პარტია დატოვეს. ელოშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხედვა მოსახლეობისას დაშორდა და მისი წევრები სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის:

„2012 წელს, როდესაც დავიწყეთ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენი უპირველესი მიზანი იყო დაგვემარცხებინა არა რომელიმე ადამიანი, არამედ ის ტოტალური  ბოროტება და უღირსობა, რამაც მოიცვა მთელი ქვეყანა.

მაშინ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დადგა იმ ძალის მხარეს, რომელმაც შეძლო ადამიანებში გაეჩინა იმედი, რომ ისინი უკეთეს, უფრო ძლიერ და სამართლიან ქვეყანაში იცხოვრებდნენ, რომლის ხელისუფლება იზრუნებდა კეთილდღეობაზე, ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე, ეკონომიკურ აღმავლობაზე, თითოეული რეგიონის, ქალაქის და სოფლის იმგვარად განვითარებაზე, სადაც მოსახლეობა თვითონ წყვეტს, რა არის საჭირო მისი საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

ამ რწმენით მოვედით მე და ჩემი გუნდი 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სათავეში და ვფიქრობ, ცდა არ დაგვიკლია, რომ სტეფანწმინდისა და თითოეული სოფლისთვის მაქსიმალურად მცირე დროში მოგვეგვარებინა პირველი რიგის, გადაუდებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც წლობით გადაუჭრელი პრობლემები. ამ პერიოდში ჩვენი გუნდის მუშაობის ერთადერთი ფასეული შედეგი მოსახლეობის მხარდაჭერა და სიყვარულია, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ 4 წლის შემდეგ საკუთარ თავზე კვლავ ამეღო მუნიციპალიტეტზე ზრუნვის ვალდებულება.

სამწუხაროდ, მალევე გამოიკვეთა, რომ ქართული ოცნებისთვის ასეთივე ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც 2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის. პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს.

ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, „ქართული ოცნების“ ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში. ამ ვითარებაში, ჩვენ არ ვაპირებთ, დავრჩეთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და დავშორდეთ ჩვენს ნამდვილ ერთობას, რომელთა მხარდაჭერა მაძლევს ამ პოსტის გამოქვეყნების საფუძველს.

მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და ბრძოლას გავაგრძელებთ სწორედ ხევის სახელით.

ჩვენი ინტერესი, როგორც ეს ხშირად ხდება, არასოდეს ყოფილა პრივილეგიების მოპოვება. ჩვენთვის თანამდებობა, მისი ნამდვილი მნიშვნელობით, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობა იყო და ასე დარჩება ყოველთვის. როგორც ჩანს, ეს ინტერესი წინააღმდეგობაში მოდის სხვის სხვაგვარ ინტერესებთან, რაც არ ტოვებს ჯანსაღი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. რაც შეეხება მომავალს, ძალიან მალე ჩვენი გუნდი წარდგება თქვენს წინაშე და გაგაცნობთ სამომავლო გეგმებს“.

„რეგინფო“ ცდილობს შალვა ელოშვილთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, რა შეიცვალა აგვისტოში, წარდგენიდან დღემდე, როცა მან პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

2012-2014 წლებში შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2014-2017 წლებში კი საკრებულოს თავმჯდომარე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს არის დანიშნული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]