weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ოცნებამ“ ყაზბეგში მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილით ჩაანაცვლა

15:19 შაბათი, 21 აგვისტო 2021
ფოტოზე - ბაკურ ავსაჯანიშვილი ფოტოზე - ბაკურ ავსაჯანიშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად 30 ივლისს წარდგენილი შალვა ელოშვილი ბაკურ ავსაჯანიშვილით ჩაანაცვლა. 2012-2020 წლებში ავსაჯანიშვილი ყაზბეგის პოლიციის უფროსად მუშაობდა, გასული წლის სექტემბრიდან კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

ბაკურ ავსაჯანიშვილი სოფელ არშაში 800 კვმ საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც საკუთარ მიწაზე 2017 წელს ააშენა და ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 550 ათასი ლარი დაუჯდა. მის საკუთრებაში 2006 წლიდან არის 108 კვმ ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, რაშიც 110 ათასი აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

ბაკურ ავსაჯანიშვილი და მისი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ.

ავსაჯანიშვილს 2016 წელს 120 ათასი დოლარი სესხი აქვს აღებული ბაზის ბანკიდან, 2017 წელს 54 ათასი ლარი, 2019 წელს 90 ათასი ლარი ისესხა თიბისი ბანკიდან. 2016-2021 წლებში, სესხის თანხა, 100 ათას დოლარზე მეტი ვადაზე ადრე აქვს დაფარული. ბაკურ ავსაჯანიშვილის წლიური შემოსავალი ყაზბეგის პოლიციის უფროსად მუშაობისას 37 749 ლარი იყო.

შალვე ელოშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ მან და მისმა გუნდმა პარტია დატოვეს, თუმცა ბრძოლას გააგრძელებენ. ელოშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხედვა მოსახლეობისას დაშორდა და მისი წევრები სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის.

შალვა ელოშვილი არ აკეთებს განმარტებას, რა მოხდა 30 ივლისის შემდეგ, წარდგენიდან აქამდე, რის გამოც მან პარტია დატოვა ან ბრძოლის გაგრძელებას დამოუკიდებლად გეგმავს თუ რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობით.

„ქართული ოცნების“ ყაზბეგის რაიონული ორგანიზაციის რამდენიმე წევრის ინფორმაციით, მერობის კანდიდატად ელოშვილის წარდგენას ადგილობრივი ორგანიზაციის ერთი ჯგუფის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც მათ პარტიის ცენტრალურ ოფისს მიმართეს. 2012-2014 წლებში შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2014-2017 წლებში კი საკრებულოს თავმჯდომარე.

ყაზბეგის მოქმედი მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს, პარტიამ მერობის კანდიდატი შალვა ელოშვილი ბაკურ ავსაჯანიშვილით დაახლოებით 10 დღის წინ ჩაანაცვლა: „მოცემულობა შეიცვალა“.

ყაზბეგის მერობის კანდიდატის შალვა ელოშვილის განცხადებას პარტიის დატოვების შესახებ, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

„შალვა ელოშვილი ამბობს, რომ ტოვებს გუნდს და ისეთ ინტერპრეტირებას უკეთებს ამ განცხადებას, თითქოს ის მერობის მოქმედი კანდიდატია. ეს არაა სიმართლე. დაახლოებით 10 დღის წინ, პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის აღარ ყოფილიყო კანდიდატი. ეს იყო 62 კანდიდატიდან ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მერობის კანდიდატის ჩანაცვლება მოგვიწია ბაკურ ავსაჯანიშვილის კანდიდატურით. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ყაზბეგში ჩვენი აქტივისტებისა და მხარდამჭერების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან. უკვე 9 აგვისტოს, როდესაც IRI-ის ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან ტრენინგები გაიმართა, ამ ტრენინგს ელოშვილი აღარ ესწრებოდა. მისი განცხადების იმგვარი ფორმით წარმოჩენა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და ამის გამო აღარაა მერობის კანდიდატი, არ არის სწორი. რაც შეეხება პარტიიდან მის ​წასვლას, ეს გამოწვეულია განაწყენებით პარტიაზე“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]