weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვალერი გელაშვილი ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

11:18 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

ვალერი გელაშვილი, რომელიც რამდენჯერმე იყო ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, ამომრჩევლებს სამუშაო ადგილების შექმნას, ქალაქის ინსფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, პენსიონერებისა და სტუდენტების დახმარებას ჰპირდება.

 „ერთად დგომით შეგვიძლია დავამარცხოთ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უმუშევრობა, უიმედობა, კრიმინალი და თუნდაც პანდემია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ყოველდრიური ცხოვრების შემადგენელი, თანმდევი ნაწილი გახდა. დროა, ასევე მყისიერად შევცვალოთ ის ბიუროკრატია, რომელიც ქვეყნასა და რეგიონს, ჩვენს ქალაქს მომავალი განვითარების საშუალებას არ აძლევს.

ხაშურში, ეტაპობრივად, ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს უნარი და იმის ძალა, რომ დავსახოთ მიზანი, შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი ერთიანი სამშობლოს გასაძლიერებლად, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარების სრული გარანტიაა“, – აცხადებს გელაშვილი.

ვალერი გელაშვილი 1960 წელს ხაშურში დაიბადა. 1999-2004 წლებში, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტში ის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი (დამოუკიდებელი) იყო, 2004-2006 წლებში კი საარჩევნო ბლოკიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ამავე ოლქის მაჟორიტარად იყო არჩეული. 2005 წელის 15 ივლისს დეპუტატ გელაშვილს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. თავდასხმის მოწყობაში ის მაშინდელი ხელისუფლების წევრებს ადანაშაულებდა. ამ საქმეზე 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მანამდე, გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის - ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის - ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის - გია სირაძის მიმართ. 

2012-2016 წლებში, მერვე მოწვევის პარლამენტში, ვალერი გელაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წარმოადგენდა ხაშურის მაჟორიტარულ ოლქს, 2020 წლის მარტში ის ამავე პარტიის სიით გახდა პარლამენტის წევრი და ამ თანამდებობას 2020 წლის31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იკავებდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს პარლამენტის დეპუტატის თანამდებობაზე ვალერი გელაშვილის შემოსავალმა 40 575 ლარი შეადგინა. ამავე წელს მან თბილისი, ხიდისთავის ქ. N25/10, 172 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 172 000 აშშ დოლარი გადაიხადა. გარდა ამისა, გასულ წელს, თბილიში, დუშეთის ქუჩა N6 და N8-ში შეძენებული აქვს სულ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც ჯამში 400 000 აშშ დოლარი დაუჯდა. ვალერი გელაშვილი 100%-იან წილს ფლობს სამშენებლო კომპანია შპს „ივერია“ და 35%-იან წილს შპს „საბურთალო პალასში“. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავალი 18 000 ლარამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]