weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ლელომ“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

22:55 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ანა ბიბილაშვილი თბილისის მერობის, ბადრი ჯაფარიძე კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „თბილისს სჭირდება მიზანი, გადატვირთვა და ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება“.

„სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში – ანა ბიბილაშვილი. ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის ჩვენი თანამებრძოლი, „ლელოს“ დამფუძნებელი, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს გვამოძრავებს საერთო მიზანი, ბრძოლა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის, რაც ყველაზე მთავარია, ნიჰილიზმის წინააღმდეგ. ამ ქალაქიდან უნდა დაიწყოს ამის ცვლილება.

მინდა, ასევე წარმოგიდგინოთ ჩვენი საკრებულოს სიის, პარტიული სიის პირველი ნომერი. ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. იგი არის ჩემი თანამებრძოლი, ჩემო მეგობარი - ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ ვიბრძოლებთ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანა ბიბილაშვილის თქმით, თბილისის გადარჩენის ერთადერთი შანსი კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანების გაერთიანებაა.

„გვაქვს კიდევ 4 წელი იმისთვის, რომ ვუყუროთ, როგორ ნადგურდება თბილისი? არ გვაქვს. ჩვენ აღარ გვინდა მტვერში ჩაძირული ქალაქი. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ევროპული, გამწვანებული ქალაქი, სადაც კულტურული მემკვიდრეობა დაცული იქნება, ქუჩები თავისუფალი იქნება საცობებისგან, ადამიანები ბედნიერად იგრძნობენ თავს, ახალგაზრდებს ექნებათ სივრცეები შეკრებისთვის. ჩვენ, თქვენთან ერთად, „ლელოს“ ძლიერ გუნდთან ერთად აუცილებლად შევქმნით ისეთ მომავალს, რომ თბილისი გახდეს წარმატების და შესაძლებლობების ქალაქი“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

თბილისის მერობისთვის ასევე კენჭს იყრიან: კახა კალაძე („ქართული ოცნება“), ნიკა მელია (ოპოზიციის ნაწილი), მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) და ანა დოლიძე („ხალხისთვის“).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]