weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოში დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

19:19 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და დუისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

მაჩალიკაშვილი ჯერ არ ასახელებს, რომელი ნომრით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ამბობს, რომ მისთვის მთავარია, „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლოს. მისივე თქმით, იძულებული გახდა, დუისში საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა.

„წინააღმდეგი ვიყავი მაჟორიტარად მეყარა კენჭი და ვმუშაობდი, რომ ოპოზიციიდან დამეყენებინა რომელიმე კანდიდატი ან დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დამეჭრა მხარი, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ერთ-ერთი პიროვნება დამთანხმდა, მეორე დღეს კი დამირეკა და მითხრა, რომ უშიშროებამ დაიბარა და მასზე ზეწოლა მოახინეს, რატომ ხარ მაჩალიკაშვილთან ერთადო. ყველას ამ ვითარებაში ამყოფებენ. ფაქტია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანებს პრობლემებს უქმნის. შიშით არავის ეშინია, მაგრამ ეს პრობლემები ხალხს ყელში ამოუვიდა.

რომ მივხვდი, ოპოზიციიდან კაციშვილი არ გადიოდა, იძულებული გავხდი, თავად მეყარა კენჭი. ეს გადაწყვეტილება ჩემი ბრძოლის ნაწილია. „ქართული ოცნება“ უნდა მოშორდეს მართვის სადავეებს. ეს განწყობა პანკისის ხეობაშიც კარგად ჩანს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება, სუს-ი თუ უშიშრობა, ყველაფერს აკეთებს, რომ დააშინოს ადამიანები, ციხეში ჩაყაროს და ხმებით დაიწყოს ვაჭრობა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიქნები, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, „ლელოდან“ თუ „ლეიბორისტებიდან“. ერთი ვიცი, რომ „ქართული ოცნებიდან“ არ ვიქნები“, – უთხრა „რეგინფოს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დუისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი დუისსა და წინუბანს მოიცავს. „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ელდარ ბაღაკაშვილი დაასახელა, დამოუკიდებელ კანდიდატად კი კენჭს ისლამ მარგოშვილი იყრის.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, შუაღამეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე სახელმწიფომ არ გამოიძია, რის გამოც ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ისინი დაობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე. 2019 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მისი არსებითი განხილვა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]