weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ არის მიზანშეწონილი არჩევნების გადადება – სახალხო დამცველის განმარტება

15:36 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება უფრო მეტად ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხია, ვიდრე პოლიტიკური. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ თუ არჩევნები არ ჩატარდება, დიდი ალბათობით, კორონავირუსით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება.

„ვფიქრობ, არჩევნების გადადება - არ გადადების საკითხი ეს არ არის მხოლოდ წმინდად პოლიტიკური საკითხი. უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი. დღესდღეობით, ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სექტორი იმდენად არის გადატვირთული, რომ მას არათუ კოვიდპაციენტების მიღება, მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაც კი, ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირს და უგვიანდება.

თქვენ მოგეხსენებათ, შარშან, არჩევნების შემდეგ როგორ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ეპიდემიოლოგებიც აღიარებენ, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ზრდის ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვს. შესაბამისად და ლოგიკურად, როდესაც ჯანდაცვის სექტორი რეალურად იმდენად გადატვირთულია, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე, ჯანდაცვის მომსახურების სფეროში სტუდენტების ჩართვაზე, რადგან ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს, ჩნდება კითხვა, თუკი ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და ინფიცირებულთა რაოდენობას,

რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და დიდი ალბათობით კიდევ მეტად გაიზრდება ინფიცირებულების რაოდენობა? რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების და საზოგადოების სიცოცხლის უფლების ხარჯზე?

ყველა ვაცნობიერებთ, რომ შესაძლებელია ამის გამო თითეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა ახლობელმა ან ჩვენმა ოჯახის წევრმა ვერ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არის მხოლოდ არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცესში.

„იქ შეიძლება მართლაც ყველაზე კარგად იყოს დაცული რეგულაციები, მაგრამ არჩევნების დროს, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ყველაზე დიდი მობილობა. მათ შორის, არის უკონტროლო კონტაქტები. ეს გულისხმობს დამკვირვებლების ტრენინგებს, მათ სხვადასხვა რეგიონში გადანაწილებას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თუ საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგებს, მათ ტრანსპორტირებას, ასევე, საარჩევნო შტაბებში შეკრებებს, არჩვნების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებსი შეკრებებს და როგორც წესი, ჩვენს არჩევნებს ხშირად ახლავს ხოლმე შეკრებები და მანიფესტაციები, რაც ვირუსის გავრცელებისს ერთ-ერთი წინაპირობაა. ერთობლიობაში და არა მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს ყველაფერი – გაზრდილი მობილობა და კონტაქტები – არის საფრთხე. ჩემი რეკომენდაცია არის არა მხოლოდ არჩევნების გადადება, არამედ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეამცირებს მობილობას და კონტაქტებს ქვეყანაში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მისი მიმართვის ადრესატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, რადგან სწორედ მას აქვს უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

„საგანგებო მდგომარება არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. თავის მხრივ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე, მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგნლებსაც, ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, ინფიცირებულების რამდენად ზრდას ელოდებიან არჩევნების შემდეგ და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი; ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას? თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგავთ დღეს ამ ნაბიჯს?

მე ვფიქრობ, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა პოლიტიკოსის უპირველესი ვალდებულებაა, ფიქრობდეს ამაზე. ამიტომ პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებ, დაიწყონ ამ საკითხზე მსჯელობა და შეაფასონ რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს არჩევნების ჩატარებას.

ვფიქრობ, არჩევნების გადადება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ, რეალურად, ხელისუფლება არა წინასაარჩევნო პერიოდზე და პოლიტიკაზე კონცენტრირდეს, არამედ კონცენტრირდეს კოვიდის მართვაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც დღეში კორონავირუსით 60-70 ადამიანი იღუპება, ამორალურია პოლიტიკოსების განცხადებები, თუ ვის მხარეს წარმოადგენს სახალხო დამცველი.

„რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“? რა შუაშია რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მისი ინტერესები, როდესაც დღეს ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ არჩევნებს არ ჩავატარებთ, დიდი ალბათობით, უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანების სიცოცხლე და თუნდაც ძალიან მცირე რამ გავაკეთო იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ სიკვდილ-სიცოცხლეზე, პოლიტიკოსების მხრიდან რაღაც პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება ამორალურია“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]