ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის მარინე მერაბიშვილის ბრძანება, რომლითაც მან მარინე აბულაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა, 2021 წლის 25 აგვისტოთია დათარიღებული. საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ბრძანებაში შრომის კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებს უთითებს, თუმცა არ აღნიშნავს, კონკრეტულად რა გახდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. არც მერაბიშვილი და არც მისი მოადგილე ნანა ბერიძე განმარტებებს არ აკეთებენ.
რატომ გაათავისუფლეს თამარ აბულაძე აპარატის უფროსის თანამდებობიდან, არ განმარტეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მედიას დაემალა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილიც.
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით და აქტიურად იყენებს მთელ სახელმწიფო მანქანას: „მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს უკანონო მოქმედებები და მინდა, სამართალდამცავი ორგანოების გასაგონად ვთქვა, ეს ყველაფერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სამართლებრივ სახელმწიფოში ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს. ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.