„ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია ის, რომ ასეთი მოძალადეები ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოძალადეები არათუ არასდროს აღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ არ დარჩნენ პოლიტიკაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიოური საზრუნავი“, – თქვა ღარიბაშვილმა.
ოპონენტებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმის გამო, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად საკუთარი მამა, ანზორ მელია დაასახელა.
„წარმოიდგინეთ, როგორი დეგრადირებული უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ პარტიის თავმჯდომარემ საკუთარი მამა გამოგზავნოს ასევე პოლიტიკური ბრძოლის ველაზე. ჩვენ მანამდე ვიხილეთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი მეუღლე გაწირა ამ პოლიტიკური ბატალიებისთვის. ახლა კაცმა თავისი მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ზუგდიდში. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ და ზუგდიდი საჯილდაო ქვად აქციონ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. ვერც მამები უშველიან, ვერც ცოლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მერობის კანდიდატად საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია წარადგინა, „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ კანდიდატი კი ანზორ მელიაა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.