weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას 2012 წელს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან – ღარიბაშვილი

16:41 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

„რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა და უფრო მეტასაც ვიტყვი: გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ. ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე. ამას კარგად გამიგებენ. ჩვენ ღალატის არაერთი პრეცედენტი გვინახავს - პრეზიდენტი მარგველაშვილი და სხვები, არ მინდა გვარები ჩამოვთვალო. ამ შემთხვევაში, მართლაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ექსპრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“ უღალატა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში.

დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი. მთელი გუნდი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს. გახსოვთ ალბათ, რომ მისი მმართველობის დროს ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა: თუნდაც, იმ კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ., რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ეს ყველაფერი ჩვენს და ჩვენი მოქალქეების ხარჯზე განხორციელდა.

ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდაგა. პანდემიის დროს მას ვაძლიერებდით, მაქსიმალურად, მთელი პარტია და ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის ფარგლებში, მან პირდაპირ უნდა ითქვას (ამას სახელი დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა), ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე. ალბათ მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ მოიძებნება, როდესაც უმაღლესი თანამდეობობის პირი, პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა მაშინ, როდესაც წინა დღეს და წინა საათებში ის დაჟინებით ითხოვდა მის დაკავებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული აზრის ქონა დაასახელა. გადადგომის შემდეგ გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. გახარიას პარტიის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]