weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, სოფელი ფეხზე უნდა დავაყენოთ - პრემიერი

10:47 პარასკევი, 27 აგვისტო 2021

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის მობილიზებას ვგეგმავთ. ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დაიხარჯება და დაახლოებით 1 300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება. ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სოფელი ფეხზე უნდა დავაყენოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას წარდგენისას.

მისივე განცხადებით, მთავრობას დაავალა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ადგილები შეიქმნას, უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია ქვეყანაში და ოკუპაციასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი მოქალაქეების უმუშევრობის მაღალი დონე, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამ მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ტემპებით, მაგარი მუშაობა. მომდევნო წლების განმავლობაში გვჭირდება ძალიან ბევრი  წარმატებული მაგალითის შექმნა, ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება, ამ მიზნით ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. რეალურად, შეიცვლება მთელი ქვეყნის ლანდშაფტი და მთელი სურათი, სულ სხვანაირ ქვეყანას მივიღებთ რამდენიმე წელიწადში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა. ჩვენ გვესმის ისიც, რომ გვჭირდება განვითარება, მეორე მხრივ გვჭირდება სტაბილურობა და სიმშვიდე. ამას სჭირდება პასუხისმგებლიანი გუნდი, როგორც ცენტრალურ მთავრობაში, ასევე ადგილობრივ დონეზე. მერი უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას. 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს მათ პრობლემებზე, მათი საჭიროებების დროულ გადაწყვეტაზე და ყველა სოფელში, ყველა უბანში უნდა შევიდეს თავად თითოეული ჩვენს მიერ არჩეული მერი და ადგილზე გაეცნოს, გადაუწყვიტოს ადგილზე ჩვენს მოქალაქეებს ყველა პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“, - მიმართა ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს: „ძალიან მალე  სრულად აღდგება ნოქალაქევი. ამასთან, ფონდმა „ქართუმ“ 10 მილიონი ლარი დახარჯა და სენაკს ისტორიული თეატრი დაუბრუნა“.

პრემიერ-მინისტრი რეგიონებში „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატების წარდგენისას ამომრჩევლებს ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ჰპირდება, ოღონდ არ ასაბუთებს, საიდან აპირებს ამისათვის ინვესტიციების მოზიდვას, ფინანსური რესურსების მობილიზებას. თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]