weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიჭირვოთ – პრემიერი

19:03 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, თუმცა არსებობს ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, რომ რამდენიმე კვირაში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა სამტრედიაში, მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.

„პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ჩვენ უნდა გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ვუსმენთ რა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ჩვენს ექიმებს, არსებობს ძალიან ოპტიმისტური, დამაჯერებელი პროგნოზები, რომ რამდენიმე კვირაში გადავტეხავთ ამ სიტუაციას და ეპიდვითარება გაუმჯობესდება საგრძნობლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროგნოზების გაკეთების საშუალებას, პირველ რიგში, ვაქცინაცია იძლება, რომელიც, ღარიბაშვილის შეფასებით, ეფექტიანად და სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

„30 ათას აცრას ვაკეთებთ დღეში, მაგრამ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, 40 ათასამდე უნდა ავიდეთ, იმიტომ, რომ კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრა მოვახერხოთ ერთი თვის განმავლობაში.

აცრები, პირბადე, დისტანცია, გავიჭირვოთ კიდევ რამდენიმე კვირა და ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია.

ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა ეკონომიკური ზრდა არ გაჩერდეს ქვეყანაში და გაგრძელდეს ისეთივე ტემპებით როგორიც გვაქვს ახლა. გვაქვს ძალიან ძლიერი, სოლიდური ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ გვქონია ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი“.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ვირუსის 48 672 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7393 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14.3%-ია. გუშინ, 31 აგვისტოს 26 201 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]