weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართულ ოცნებას“ კახეთში საარჩევნო გარერეკლამა უკანონოდ აქვს განთავსებული

12:28 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021
უკანონო გარერეკლამა სოფელ ხაშმის გადასახვევთან უკანონო გარერეკლამა სოფელ ხაშმის გადასახვევთან

პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატების საარჩევნო გარერეკლამა კანონდარღვევით აქვს განთავსებული. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხაშმის გადასახვევთან, წყაროსთავში წრიულ გზაჯვარედინთან, საგარეჯოში - პოლიციის შენობის წინ, თოხლიაურში, მანავსა და ბადიაურში „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მერობის კანდიდატის ავთანდილ გულიკაშვილის საარჩევნო ბანერები გაკრულია ნავთობისა და გაზის კორპორაციის კონსტრუქციებზე, ასევე, საავტომობილო გზის პირას უნებართვოდ დადგმულ დაფებზე.

უკანონოდ არის განთავსებული „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ზურაბ უტიაშვილის საარჩევნო გარერეკლამაც ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე ავტოგაზგასამართ სადგურთან, ძველი ფოსტის შენობის მოპირდაპირე მხარეს, სამების ეკლესიის წინ, წმინდა ნინოს ქუჩაზე - აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქედან 

რამდენიმე გარერეკლამის დაფა, რომლის ზომაც 30 კვადრატულ მეტრს აღემატება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირებმა ისე დაამონტაჟეს, რომ მუნიციპალიტეტის მერიისთვის კანონით სავალდებულო ნებართვის მისაღებად არც მიუმართავთ, მაგრამ არც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიაქცია ყურადღება და არ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

წარმოების დაწყების შემთხვევაში მერიას სარეკლამო დაფის მფლობელისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შეედგინა, დაეჯარიმებინა და მისი დემონტაჟი მოეთხოვა. 

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დაახლოებული პირები გარერეკლამის ბილბორდებს უნებართვოდ დგამენ და კანონის ამ თვალსაჩინო დარღვევაზე არავინ რეაგირებს, არც მუნიციპალიტეტის მერია და არც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონში კანონიერად განთავსებულ გარერეკლამის დაფებზე ნებართვას არ უგრძელებენ კახეთის საინფორმაციო ცენტრს, რომლის ბილბორდებიც საარჩევნოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. 

კახეთში გარერეკლამის ბილბორდების დიდ ნაწილს „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრთან გელა სამხარაულთან დაკავშირებული კომპანია ფლობს, რომელიც წინასაარჩევნოდ არასდროს აქირავებს ბილბორდებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე. 

ამას გარდა, რეგიონში გარერეკლამის 5 ბილბორდი 2014 წლიდან აქვს კახეთის საინფორმაციო ცენტრს, რომელმაც გარერეკლამის მცირე ქსელი IREX-ის ფინანსური მხარდაჭერით, კანონის ყველა წესის დაცვითა და შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ შექმნა. სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნებართვის გაგრძელებაზე უარი უთხრეს და ამის მიზეზად საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი დაასახელეს. გზების დეპარტამენტის წერილის მიხედვით, საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბერს რატიფიცირებული აქვს „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ 1968 წლის ვენის კონვენცია, რომელიც კრძალავს პლაკატების, აფიშების განთავსებას, ისეთი მოწყობილობების დაყენებას, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ საგზაო ნიშნების დანახვა და ეფექტურობა, დააბრმავონ გზებით მოსარგებლეები, ან გაფანტონ მათი ყურადღება და ამით საფრთხე შეუქმნან საგზაო მოძრაობას. 

ვენის კონვენციას გზების დეპარტამენტი და მუნიციპალიტეტები კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიმართ დისკრიმინაციულად იყენებენ, რადგან იმავე პერიოდში და ახლაც, თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში გარერეკლამის განთავსების ნებართვები გაიცემა. კახეთში კი ოფიციალურ ნებართვას 8 მუნიციპალიტეტიდან არცერთი აღარ გასცემს, რადგან კახეთის საინფორმაციო ცენტრი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა მასობრივად მიმდინარეობს „ქართულ ოცნებასთან“ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დაახლოებული პირების მიერ გარერეკლამის დაფების უკანონოდ განთავსება, რაზეც რეაგირება არ ხდება. 

სამაგიეროდ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის წინააღმდეგ, კანონიერად განთავსებული გარერეკლამის დაფების დემონტაჟის მოთხოვნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა, თუმცა საქმე წააგო. რაიონულმა სასამართლომ დემონტაჟის შესახებ მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. მუნიციპალიტეტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]