weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას არ დაუბრუნდება – პრემიერი

16:11 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

„ეს არის ფარსი და სიყალბე“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტზე) ხელის მოწერა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრების ხელმოწერას ფასი აღარ აქვს.

„მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრების შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მონაწილეობით, მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და წარმოიდგინეთ, მათთვის, რეალურად, ჩვენი სახელმწიფოსთვის გადავდგით ასეთი კომპრომისული ნაბიჯები, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია და რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო.

ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ, ალბათ გახსოვთ, რომ ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში და ბაზარში რომ არის ვაჭრობა, ისეთი ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ, რეფორმები დაწყებვული გვქონდა ამ დოკუმენტის ხელმოწერამდე, ამის შემდეგაც გავაკეთეთ. ველოდეთ 100 დღე. მიუხედავად მოწოდებებისა, მათი მისამართით ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თხოვნისა, არ მოაწერეს ხელი.

ეს არ არის საბავშვო ბაღი. ეს პოლიტიკაა, ჩვენ ქვეყანას ვმართავთ და ეს არის რეალურად, სახელმწიფოს ინტერესები, შემდეგ არის დანარჩენი. ამიტომაც ჩვენ ველოდით, ამის შემდეგ ანულირება მოვახდინეთ და გამოვედით, რადგან ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალიდური და ლეგიტიმური, თუ ორივე მთავარი მხარე აწერს ხელს. მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ თემა დახურულია, რომ ყველა რეფორმა გრძელდება.

გამორიცხულია „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი და უბრალოდ, ჩვენი პარტნიორებისა და მთლიანად ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა, ნიკა მელიამ, ხატია დეკანოიძემ, თინა ბოკუჩავამ და ნონა მამულაშვილმა ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განმარტა, მათ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ უბიძგა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მთავრობის უარმა, რაც, მელიას შეფასებით, ევროპული გზიდან გადახვევას ნიშნავს.

ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან.

„და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]