weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რატომ უთხრა მთავრობამ ლატვიას უარი „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე – ღარიბაშვილის განმარტება

17:39 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობამ ლატვიისგან 50 000 დოზა ასტრაზენეკასვაქცინის საჩუქრად მიღებაზე უარი თქვა. ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ეს ვაქცინა მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნადი არ არის. 

„ჩვენ, მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები. ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში: დღეის მდგომარეობით, კიდევ მილიონი გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინა, „სინოვაკი“, რომელიც „სინოფარმის“ იდენტურია, დამატებით ერთი მილიონი, „სინოფარმი“ მაქვს შეკვეთილი და კიდევ ვმუშაობთ ორ მილიონ „ფაიზერზე“. „ასტრაზენეკა“ ასევე შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები, ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერმა სპეკულაცია და ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც ლატვიაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩაიშალა.

„ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ მაგ დროს გვეთქვა უარი, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ, როდესაც 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, მოსახლეობას რა ვაქცინებიც უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასტრაზენეკას ვაქცინაზე უარის შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა დღეს გაავრცელა: „ივლისში, სწორედ მაშინ, როცა ლიტვამ (ლიეტუვა - რედ.), ლატვიამ და ესტონეთმა ღარიბაშვილი რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში არ ჩაუშვა, საქართველოს მთავრობამ 50 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ლატვიის მიერ ჩუქებაზე უარი თქვა. რატომ არ შეიძლებოდა ეს ხარისხიანი ვაქცინა (რომელიც, როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, საუკეთესო დაცვას იძლევა) გამოყენებულიყო თუნდაც მასწავლებლების ვაქცინაციისთვის იმისთვის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაწყებულიყო?“, – დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი კანდელაკმა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 45 წლის ასაკიდან არის დაშვებული. ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ლატვიამ, მეზობლებთან – ლიეტუვასთან და ესტონეთთან ერთად, საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, მონტენეგროსა და კენიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩუქება გადაწვიტა. საუბარი იყო ჯამში 165 600 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]