რამინა ბერაძე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს. მისი ყოველთვიური ხელფასი 2 600 ლარია, ე.ი. წელიწადში 31 200 ლარი.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში რამინა ბერაძემ ხელფასთან ერთად 8-ჯერ მიიღო პრემია და დანამატი, აქედან 7-ჯერ - ხელფასის სრული ოდენობით. პრემია-დანამატების სახით მიღებული თანხა საერთო ჯამში 18 720 ლარს შეადგენს.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ დაახლოებით იგივე ოდენობით ანაზღაურება მიიღო 2015 წელსაც - 49 342 ლარი, - ანუ ხელფასის გარდა 7 პრემია და დანამატი.
შეგახსენებთ, დეპუტატ რამინა ბერაძის საჯარო განცხადებით, სოციალურად დაუცველი პირებისთვის გახსნილ უფასო სასადილოებში ბენეფიციარების კვებისთვის დღიურად გამოყოფილი თანხა - 1 ლარი და 18 თეთრი, სრულიად საკმარისია და ეს საკითხი გადახედვას არ საჭიროებს.