„რამდენიმე დღის წინ გაიხსენა რატიმ [იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე - რედ.], რომ ციხეებში ისეთი მდგომარეობა იყო... გაუსაძლისი. ჩვენ კარგად ვიცით, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულში 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა ჩვენს საპატიმროებში. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება.
აი, ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო. იქვე, ციხის ტერიტორიაზე. მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ჩავრთეთ და ხელს ვუწყობთ მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა. ამით განსხვავდება „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ამ გამოსვლამდე, მხარდაჭერებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიმართა. მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლამდე საქართველოში 30 000-ზე მეტი პატიმარი იყო, დღეს კი მათი რიცხვი 10 000-ზე ნაკლებია და „კიდევ უფრო და უფრო მეტად შემცირდება იმ პირობებში, როდესაც დანაშაულის რიცხვი არ გაზრდილა“.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, სექტემბერში მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გამოქვეყნდა გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაკეთებული ფარული ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაშიც არა მხოლოდ ციხის თანამშრომლები, არამედ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველი 2011 წლის ანგარიშშიც წერდა. ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ საკმაოდ რეგულარულად პატიმრები ჯერ ახსნა–განმარტებას აძლევენ სახალხო დამცველს, რომელშიც დეტალურად აღწერენ მათ მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ აღნიშნულის კონფიდენციალურად დატოვებას.
რაც შეეხება ჟოლოს მოყვანას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულებს ჟოლო 2019 წლიდან მოჰყავთ და ჰყიდიან. უწყების ინფორმაციით, პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, მათ შემოსავალს წარმოადგენს და ხელფასის სახით ერიცხებათ.