„ჯერ ერთი, მაგას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი. აქედან დავიწყოთ. მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. ასე რომ, არაფერი არ გამკვირვებია.
გახარია „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა. კაცი, რომელიც გადადგა, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური შედგეს თბილისში. აი, ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ. ჩვენ ვნახავთ, სად იქნება ის არჩევნების შემდეგ.
გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის. დაწყებული იქიდან, რომ პარტიის დამფუძნებელმა მის მიმართ გამოიჩინა ასეთი ნდობა. როცა კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან და დანიშნეს რამდენიმე ადგილას...
ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რაღაც გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, რომ იტყვიან. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო და გუნდს, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას - ამდენი მძიმე დანაშაულის, შეცდომის თუ გადაცდომის შემდეგ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტად მუშაობის პერიოდში თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი თავად დანიშნა: „იმიტომ, რომ ვთვლიდი, ბევრად უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განმარტა გახარიამ.
ამასთან, გახარიას თქმით, გუნდში არსებობდა აზრი, რომ ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნულიყო.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის თებერვალში დატოვა და ცოტა ხანში პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა. მისი გადადგომის შემდგომ, პირემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.