ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქე 26 აგვისტოს, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს.
„6 სექტემბერს ჯექსონ პოლ კრამერს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად გაძევებული და გადაცემული იქნა ქართული მხარისთვის“, – აცხადებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.
საოკუპაციო რეჟიმი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს „აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობას, რომლებიც არა მხოლოდ უარს ამბობენ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ფაქტის აღიარებაზე, არამედ მიზანმიმართულად უმალავენ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან ტურისტული მიზნით, ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის არსებობის შესახებ“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჯექსონ პოლ კრამერი ამბობს, რომ კავკასიის რეგიონში, შავი ზღვის მიმართულებით ლაშქრობას აპირებდა და „საზღვარი“ ისე გადაკვეთა, მის შესახებ არაფერი იცოდა.
სუს-ი აცხადებს, რომ უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უწყების ცნობით, კრამერის გათავისუფლების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა.