ჯამში, ქვეყანაში „ფაიზერის“ მილიონ-ნახევარი დოზაა შემოსული, საიდანაც, ამირან გამყრელიძის თქმით, თავისუფალია 700 000 დოზა, ხოლო დანარჩენი უკვე გამოყენებულია ან დაჯავშნილია.
„700 000 დოზა ნიშნავს, დამატებით 350 000 ადამიანს. ძალიან გვინდა, რომ, ყველაზე ბოლოს, ოქტომბრის ბოლომდე ეს იქნეს ათვისებული მაქსიმალურად. თუ სექტემბერში გვექნება დაახლოებით 900 000, მილიონი აცრა და ოქტომბერშიც იგივე, ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, შემოდგომაზე ვაქცინის დეფიციტი არ იქნება.
„ძალიან მოთხოვნადია „სინოფარმი“. ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს დამატებითი დოზები, მერე კიდევ უნდა შემოვიდეს, ანუ ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ აქ მთავარია, მოსახლეობის დამყოლობა“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
7 სექტემბრის მონაცემებით, საქართვლოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი, ხოლო სრულად (ორივე დოზით) – 489 194. სრულად აცრილთა რაოდენობა მოზრდილი მოსახლეობის 17.1%-ს შეადგენს.