კობახიძის თქმით, მის პარტიას აქვს ყველანაირი საშუალება იმისთვის, რომ ვინმეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის საბაბიც კი არ დაუტოვოს.
„ჩვენ 1%-იც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.
თავის დროზე, იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად. იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
19 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ამით ნათლად და ცალსახად განაცხადეს, რომ მმართველ პარტიას არ მისცემენ უფლებას, გაექცეს ხელმოწერილ ვალდებულებას 43%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
19 აპრილს შეთანხმების თანახმად, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.