weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

20:04 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, 126 ხმით მიიღო. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, კანონპროექტს კენჭი ეყარა იმ პუნქტის გარეშე, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაც ითვალისწინებს, სამართლებრივი სიმახინჯე იყო და ის ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებდა. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რატომ უნდა მიეღოთ აღნიშნული ცვლილება.

„გენპროკურორის ნაწილთან დაკავშირებით, პრინციპულია, დღესვე მივიღოთ გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სამართლებრივი სიმახინჯე და მეორე მოსმენის დროს ვერ მოხდება ამ საკითხის ხელახლა განხილვა, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ნორმა ან უნდა დარჩეს ან არა – ეს დღეს უნდა იყოს გადაწყვეტილი. ჩვენ ყველა პუნქტს დავუჭერთ მხარს, გარდა გენპროკურორის პუნქტისა“, – განაცხადა კობახიძემ კენჭისყრამდე.

ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წვერმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია და ამას ადრე თუ გვიან გააკეთებენ.

„ამას მაინც ვერ შეაჩერებთ, რადგან ეს საჭიროა იმისთვის, რომ გენერალური პროკურორი სარგებლობდეს დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით, ხალხის მხარდაჭერით და არა მარტო მმართველი პარტიის მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილების ამოღება სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია, მაგრამ, სამწუხაროდ, დავდექით არჩევანის წინაშე - ან უნდა მივიღოთ ყველა საკონსტიტუციო ცვლილება ერთად და მაშინ არის რისკი, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი... ამიტომ ჩვენ, სამწუხაროდ, სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეთ იმისთვის, რომ არ დავეთანხმოთ ამ ცვლილების ამოღებას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო და რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად. ვენეციის კომისიის დასკვნა კვალიფიციური უმრავლესობის საჭიროებასთან დაკავშირებით ცალსახად ამბობს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გენპროკურორის დანიშვნის შემთხვევაში, მცირდება ინსტიტუტის პოლარიზაციის რისკი. ეს არის არგუმენტი, თუ რატომ არის საჭირო გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით დანიშვნა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილება ითვალიწინებდა შემდეგს: თუ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში გენერალურ პროკურორს პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 (ანუ 90 დეპუტატის ხმით) პირველ ორ კენჭისყრაზე ვერ აირჩევდა, მესამე მოსმენაზე მისი არჩევა შესაძლებელი იქნებოდა სრული შემადგენლობის უმრავლესობით (ანუ 76 დეპუტატის ხმით). ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით (და არა 5 წლით) განისაზღვრებოდა. აღნიშნული საკონტიტუციო ცვლილება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) საფუძველზე მოამზადეს.

გენპროკურორის არჩევასთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარს არ უჭერდა პარტია „მოქალაქეების“ წევრი, იურისტი ლევან იოსელიანი. როგორც მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოსვლისას თქვა, კონსტიტუციაში კვაზიდემოკრატიული მოდელების ხელოვნურად შეტანა, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მძიმე შედეგს იძლევა.

„როდესაც კონსტიტუციას ეხება საქმე, პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა ფარავდეს სამართლებრივ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება ამბობს, რომ ეს ჩანაწერი ამოსაღებია პროექტიდან, რადგან ეს, საბოლოო ჯამში, უფრო უარეს შედეგს გამოიღებს. გამოიღებს იმ შედეგს, რომ ჩვენ მივიღებთ ერთი წლით მორჩილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ერთი წლის მანძილზე შეეცდება დაუმტკიცოს მმართველ პარტიას თავისი ერთგულება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში კიდევ ორი პუნქტია, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა: 1) მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება. 2) მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით.

ცვლილებები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]