weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ლელოს“ კანდიდატს დაემუქრნენ, რომ მის მეუღლეს ოპერაციას არ დაუფინანსებდნენ – ჯაფარიძე

17:25 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

„ვანში ჩვენს კანდიდატს უთხრეს, რომ თუ ის გააგრძელებდა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობას „ლელოს“ სახელით, მაშინ მისი მეუღლე არ დაფინანსდებოდა გადაუდებეული ქირურგიული ოპერაციის კუთხით. ასეთ ბინძურ მეთოდზეც კი წავიდნენ. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებისა და კანდიდატების დაშინების, მათზე ზემოქმედების მექანიზმი ჩართო.

„ხდება მუქარა, რომ ამომრჩევლებს სოციალური დახმარება შეუწყდებათ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ემუქრებიან, რომ სამსახურს დაკარგავენ. ამის გარდა, „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო ინოვაციური მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავს, განსაკუთრებით რეგიონებში, მოხდეს ადამიანების გამოყვანა პარტიული სიებიდან და ამით საფრთხე შეექმნას წინასაარჩევნო კამპანიას.

ადრე, გარკვეული ზღვრის ქვემოთ პარტიული სიის შემცირება, სიის მთლიანად ანულირებას იწვევდა. ცესკოს გადაწვეტილებამ ეს გამორიცხა, თუმცა, ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში დავალებული ჰქონდა და ისინი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდნენ, რომ მომხდარიყო სიების ანულირება. ეს ვეღარ გამოუვათ, მაგრამ მაინც

მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მნიშვნელოვანი მაჟორიტარი კანდიდატები, მნიშვნელოვანი ადამიანები როგორმე გამოთიშონ წინასაარჩევნო პროცესიდან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, „ლელოს“ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა ახალქალაქში, ვანში, დედოფლისწყაროში, ასპინძასა და ახალციხეში.

„ახალციხეში დაშინების გზით 4 წევრი იქნა გამოყვანილი პარტიული სიიდან. დედოფლისწყაროში მაჟორიტარი კანდიდატი, სამწუხაროდ, იძულებული გახდა, გამორთულიყო წინასაარჩევნო კამპანიიდან იმის გამო, რომ მისი უახლოესი ნათესავი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამსახურში, აღმოჩნდა გათავისუფლებული საფრთხის ქვეშ. „ქართული ოცნება“ ასეთი მეთოდებით ცდილობს, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ეს არის განწირული, აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული უმსგავსი მეთოდები. ეს ვერ შეცვლის იმ ვერდიქტს, რომელიც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ გამოუტანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია. 

19 აპრილს შეთანხმების თანახმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შეთხმების გაუქმებას არ იწვევს და მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]