weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ რა შუაშია ასეთ დანაშაულთან მიმართებაში? – დეპუტატი ბანკებზე თავდასხმებზე

19:25 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

„ყველაფერს ცდილობთ, რომ ნებისმიერი ნეგატივი მიაწეროთ „ქართულ ოცნებას“, რაც არ გამოგივათ. ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებაში ვართ შეურიგებელი და ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა მკაცრი, ადეკვატური და კანონისმიერი პასუხი. ბადრი ესებუაც იქნება დაკავებული. გარწმუნებთ“, – განუცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

პარლამენტის წევრი გააღიზიანა ჟურნალისტის შეკითხვამ - ბანკის ფილიალზე მორიგი თავდასხმა ხომ არ არის იმის შედეგი, რომ ხელისუფლებამ ბადრი ესებუა არ დასაჯა.

„ძალიან ცუდია, რომ ის ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებით „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელის მორალური ფსკერის დაპყრობის თვალსაჩინო ნიმუშებსაც ვხედავთ ყოველდღიურად, ძალიან სამწუხაროა, რომ ცდილობთ, ყველა ასეთი მოქმედება დაუკავშიროთ ხელისუფლებას და კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“. მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 2 ოქტომბერს გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენი ტელევიზია (არის კონკრეტულად პოლიტიკოსების, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და ძმანი და დანი მისნი) ვერ ეგუებით ამ წაგებას. „ქართული ოცნება“ რა შუაშია ნებისმიერ ასეთ დანაშაულთან მიმართებაში? ნებისმიერ ასეთ დანაშაულზე იქნება უმკაცრესი პასუხი, როგორც აქამდე ხედავდით. არ მინდა, რომ ისტერიაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ტელევიზია იყოთ, როგორიც დღეს ხართ ასე. შანსს არ უშვებთ და ყველას კარგად გვასხსოვს, როგორ ცდილობდით, გევაჭრათ თქვენი კოლეგის ტრაგიკული გარდაცვალებით“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე შეიჭრა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მას ხელყუმბარა ეჭირა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლად 15-მდე ადამიანი აიყვანა. ის თანხას - ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. ამ დროისთვის, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი - დაკავებული.

რაც შეეხება ბადრი ესებუას, ის საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზეა ბრალდებული. თავდასხმა, რომელიც 43 მძევლის გათავისუფლებითა და ესებუასთვის 500 000 აშშ დოლარის გადაცემით დასრულდა, გასული წლის 21 ოქტომბერს მოხდა. 32 წლის ბადრი ესებუას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]