weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა დაახლოებით 1.5 საათში შეგვეძლება – ღარიბაშვილი

11:52 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021

„შეგვეძლება დაახლოებით საათნახევარში თბილისიდან ყაზბეგში ჩამოვიდეთ, მას შემდეგ, რაც დასრულდება ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთიც“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კობში განაცხადა, სადაც ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე იმყოფებოდა.

ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი საუკუნის პროექტია.

„წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 დღე ეს გზა ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. აქ დღეში დაახლოებით 3000-4000 მანქანა გადაადგილდება, მათგან 70% არის მსუბუქი, დანარჩენი კი მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანებია. ეს განტვირთავს ამ მონაკვეთს. ეს არის ყველაზე დიდი გვირაბი მთელს ამიერკავკასიაში, ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი და თავისი პარამეტრებით უნიკალურია მთელს მსოფლიოში. პროექტი ჯდება მილიარდ 200 მილიონი“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში 23-კილომეტრიანი გზა აშენდება, რომელიც კლდოვან ქანებში გაჭრილ 9-კილომეტრიან, 15 მეტრი დიამეტრის მქონე გვირაბს მოიცავს.

„ამ პარამეტრების გათვალისწინებით, ასეთი გვირაბი მსოფლიოში არ არსებობს. დაახლოებით 2 წლის თავზე, ეს 9-კილომეტრიანი გვირაბი გაჭრილი გვექნება.

ამ გვირაბს პარალელური საევაკუაციო გვირაბი აქვს, 6 მეტრი დიამეტრით, ანუ მართვის სისტემები, ხანძარქრობის სისტემები, საინჟინრო სისტემები, საევაკუაციო გვირაბი და მართვის ცენტრი - ეს არის ის კომპლექსი, რითაც ეს გვირაბი იქნება ყველაზე უსაფრთხო მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რაც შეეხება ჟინვალი-ნატახტარის შემოვლით გზას, ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, პროექტი გაკეთებულია და მის განხორციელებას დაიწყებენ: „ამ პირობებში უკვე, ყაზბეგამდე, სტეფანწმინდამდე თბილისიდან ჩახვალთ საათნახევარში. ფასანაურის შემოვლითი გზის პროექტირებას ვიწყებთ. ვფიქრობთ, ნატახტარი-ჟინვალის მშენებლობაზე მომავალ წელს გამოვაცხადოთ სატენდერო პირობები. 420 მილიონი ლარია საორიენტაციო ღირებულება“.

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS), რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა, რაზეც ახალმა მაგისტრალმა უნდა გაიაროს, საფრთხეში მყოფ მემკვიდრეობად გამოაცხადა.

უსაფრთხოების საკითხებში ქართველი ექსპერტების თქმით, გამორიცხული არ არის ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალი რუსეთმა სამხედრო დანიშნულებით გამოიყენოს.

პროექტის მიხედვით, 9 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბის გაყვანა დაგეგმილია ე.წ. მილიონას უღელტეხილის ქვეშ, სადაც გეოლოგების თქმით, სამი მძლავრი ვულკანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]