weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისთვის მოძრაობა დააფუძნა

16:16 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი და დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა. ჩარკვიანის თქმით, მოძრაობის დაფუძნება ემიგრანტების მოთხოვნაც იყო.

„იმ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, სადაც, პრაქტიკულად, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაა, საჭიროა ხალხის მობილიზება, მუშაობა დიპლომატებთან. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს. გაოცდებით, რა რაოდენობა ხალხია! ეს მისი მომხრეების მობილიზაციაა, ეს არ არის პარტიული ორგანიზაცია. ხალხი მას დახვდება და მოითხოვს, რომ რუსეთის მიერ დევნილ პრეზიდენტზე შეწყდეს პოლიტიკური დევნა“, – ამბობს ჩარკვიანი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს.

რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა. მან უცხოეთში მყოფ მოქალაქეებსაც მოუწოდა, ვისაც ამის საშუალება აქვს, მას მიბაძოს.

ბოლო წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვა. დაბრუნების შესახებ განცხადება მან გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებამდეც გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2017 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა. 2019 წლის მაისში, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა. ამჟამად ის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი რამდენიმე საქმეზე. მაგალითად,  2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდებათ ამ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურუად საფუძველს მოკლებული. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“, –თქვა სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ ბოლო ვიდეომიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]