weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

მდინარაძე ე.წ. სუს-ის მასალების შექმნასა და გავრცელებას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს

01:11 სამშაბათი, 14 სექტემბერი 2021 hits 311

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაც“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა 13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასალებთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძემ განცხადება დღის ბოლოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მან ე.წ. სუს-ის ფაილების გავრცელება შეაფასა როგორც „ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება“.

„სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია, ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას. ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება.

ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია, ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან „ფარული ფაილების“ გავრცელება მოახლოებულ არჩევნებს დაუკავშირა და თქვა: „ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში“.

შეკითხვას, ადასტურებს თუ არა „ქართული ოცნება“ ჩანაწერების ავთენტურობას, მამუკა მდინარაძემ უპასუხა:

„თავად ჩაწერეს, თავად ავრცელებენ, თავად ჭრიან და კერავენ, თავად ამზადებენ ამ ჩანაწერებისგან ფაბრიკაციას და თავადვე ადასტურებენ. სხვას ამის დადასტურება არ შეუძლია.

თუკი სადმე, ამ ინფორმაციაში, რეალური ინფორმაციაც (შემდეგ ფაბრიკაციის სახით გავრცელებული) გამოერევა, ესეც ნათელი გახდება, როდის იქნა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, რა მიზნით ჩაწერა, რატომ ჩაწერა, როგორ დაამონტაჟა და ა.შ. ამას კონკრეტული ავტორები ჰყავს“, – განაცხადა მდინარაძემ.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს (მათ შორის, ჟურნალისტებთან და პოლიტიკოსებთან) და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა გავრცელებულ მასალებში საკუთარი თავი ამოიცნო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]