weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას პარტია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიებაში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს

17:43 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ მასალებთან დაკავშირებით უსწრაფეს ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ ამ მასალების ავთენტურობაზე ან არაავთენტურობაზე, თუმცა ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებეელია ის, რაც ხდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობებზე და „ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც, რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც რეფორმების კუთხით, ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკური ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ მოეღებოდა ბოლო“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რასაც დღეს ისმენს და ხედავს, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია.

„ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ „ოცნების“ ლიდერებმა ირიბად დაადასტურებს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა

როგორც დეპუტატი ამბობს, მისი პარტია ითხოვს, ერთი მხრივ, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთიოს სახალხო დამცველი და დამოუკიდებელი ექსპერტები, მეორე მხრივ კი, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს. არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გავრცელებულ მასალებში საკუთარი თავი ამოიცნო.

გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

„ქართული ოცნება“ ფარული ჩანაწერების გავრცელებას ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას უკავშირებს. დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში მან გიორგი გახარიას პარტიის წევრებიც ახსენა.

„გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის, იმ ვერსიას, რაზეც თქვენ მკითხეთ, რომ თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია, ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან, წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს წინასწარი დასკვები გვაკეთო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, ასე ვთქვათ, ფაბრიკაცია, თუ კიდევ უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]