weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სისტემაში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური მეთოდები მოქმედებს – გოგაშვილი

18:20 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

„მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა“, – განაცხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ სუს-ის მიერ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებით.

როგორც გოგაშვილი ამბობს, არსებული „მახინჯი სისტემა“ უნდა დაინგრეს და „ყველა მოქმედი თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია, მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან“.

„მაგრამ სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. მე ვიმეორებ: ვიწყებ ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა! უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს“, – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მუშაობს მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად „იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი“.

„დიახ, ეს არის უდიდესი მასშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის, პირადად, საკმარისი ინფორმაცია მაქვს, რომ 90%-იანი ალბათობით ვიცოდე, საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს“, – აცხადებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს. არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გავრცელებულ მასალებში საკუთარი თავი ამოიცნო.

გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

იოსებ (სოსო) გოგაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 2015-2018 წლებში იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმდა და არსებული ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსი“ იყო. 2020 წელს გოგაშვილი პარტიიდანაც წავიდა, 2021 წლის დასაწყისში კი არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ დააფუძნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]