weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მთავარი არხის“ ოპერატორი თვითონ დაეცა, არ გადმოუგდიათ – მდინარაძე

22:03 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისში მყოფმა პირებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

მდინარაძემ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და გვარამიას განცხადებას „კიდევ ერთი ამორალური ტყუილი“ უწოდა.

„რა ხდება სინამდვილეში: ბექა ყორშია და მისი ოპერატორი (სამწუხაროდ, სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ვიცი) მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენს მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი უკან სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ. ტერასაზე წამოედო დაბალ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, საბედნიეროდ, ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპერატორსა და ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა არანაირი ფიზიკური შეხება: „პირდაპირ, გადაჭრით, მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ იცრუა - არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა. ამ თემას სამართალდამცავები დეტალურად გამოიძიებენ“.

მომხდარის შესახებ ისაუბრა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ. მისი ინფორმაციით, მას და ოპერატორ ლევან აბლოთიას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც პარტიის ოფისში „ქართული ოცნებიდან“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად მივიდნენ. ბექა ყორშიას თქმით, იქ მყოფი ადამიანები მათ თავიდანვე აგრესიით დახვდნენ.

„ალბათ ოთხი-ხუთი ადამიანი იქნებოდა. უბრალოდ გვინდოდა ჩაგვეწერა, რამდენიმე კითხვა მქონდა ზაზა გულიაშვილზე და მასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებზე. როგორც გამოაშკარავდა და მოხდა მისი ლუსტრაცია, ის არის სუს-ის აგენტი. ამაზე განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როდესაც ვკითხე, რომ ის არის სუს-ის აგენტი და ეს არის ფაქტი. გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი. არ ველოდი, რომ ლევანი გადარჩებოდა. რამდენიმე წამი გაითიშა და აზრზე რომ მოვიდა, თქვა, რომ ზურგს ვერ გრძნობდა, ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ“, – განაცხადა ბექა ყორშიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]