weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

20 ივნისის მსგავსი რამ თუ განმეორდება, იგივენაირად მოვიქცევი – გახარია

19:01 შაბათი, 18 სექტემბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე სრულად აქვს პასუხისმგებლობა აღებული.

„უფრო მეტსაც გეტყვით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ განმეორდება, და არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალა დააპირებს ძალადობით სახელმწიფო ინსტიტუტში შესვლას, მე იგივენაირად მოვიქცევი იმ ღირსეულ პოლიციელებთან ერთად, რომლებიც მაშინაც გვერდით მედგნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

გახარია მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ის რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და „უდანაშაულო ადამიანებისთვის თვალების დათხრაში“ დაადანაშაულა.

„კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვინ აკონტროლებს საზღვარს? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი [გავრილოვი - რედ.] იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. ხოჯევანიშვილი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მაშინ. გახარიას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, იყო ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამხელა ფასი გადავიხადეთ. რა გააკეთა - დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან კარგად ჩვენს მოქალაქეს. პარლამენტის შენობა დღეს ისე არის დაცული, ჭიშკარი, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი მეორე დღეს, როდესაც იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები და აცემინა 3 საათის განმავლობაში აგრესიულ ბრბოს, „ნაცმოძრაობას“ და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო.

მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე ღამე პარტიის ოფისში ვიმყოფებოდი, ყველანი და ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა ასამბლეის დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია, რის გამოც გავრილოვს და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვება მოუხდათ.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, რასაც ჯერ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ კი აქციის დარბევა მოჰყვა. ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

20-21 ივნისის ღამეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა სულ 342 ადამიანი დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში 240 ადამიანი მოხვდა, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

ე.წ. „გავრილოვის ღამის“ აქციების დროს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ხალხმრავალი პროტესტის და მისი გადადგომის მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას დაწინაურებას და პრემიერ-მინისტრად დანიშვნად დაუჭირა მხარი. ის ამ თანამდებობაზე 2021 წლის 18 თებერვლამდე მუშაობდა. 18 თებერვალს გადადგა და როგორც განმარტა, გადადგომის მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული აზრის ქონა გახდა. მანამდე, 17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელია ე.წ. გავრილოვის ღამეს, აქციის მიმდინარეობისას, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაშია ბრალდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]