weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ირაკლი კობახიძე საიას „არეულობის სცენარის ხელშემწყობ ქმედებაში“ ადანაშაულებს

23:57 კვირა, 19 სექტემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საია 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს.

საკონსტიტუციო სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ხმის თანაბარი წონის პრინციპს არღვევს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.

ირაკლი კობახიძე, რომელიც კონსტიტუციონალისტი და სამართლის დოქტორია, მიიჩნევს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი აბსურდულია. მისი თქმით, „რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით“, 2016 წელს ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეიტანა.

„მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა.

შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება.

შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.

როდესაც სამი თვის წინ, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე არც კანონის მიღების პროცესში და არც მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აპროტესტებ, ეს ფაქტი სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე, ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ დღეს, 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია და ამაში დასარწმუნებლად დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის ზედაპირული გაცნობაც კი იქნებოდა საკმარისი. კობახიძეს კონკრეტული დემოკრატიული ქეყანა არ დაუსახელებია.

„თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ პრაქტიკით ვერ, ან რაც უფრო სავარაუდოა, არ დაინტერესდა. ამგვარი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2 ოქტომბრის არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. ამ ფონზე, ისინი ერთადერთ გამოსავალს ხელოვნური პრობლემების შექმნასა და ვითარების არევაში ხედავენ. თუმცა, მათი ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

სამწუხაროა, რომ იმ ჯგუფების ამგვარი ქმედებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებენ, ჩრდილს აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტიტუტს, რომელიც მათივე კვლევებით, ქართულ საზოგადოებაში ისედაც ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს. არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას „ენჯეოების“ მიმართ და მათ ნებისმიერ სიტყვას უკარგავს ფასს“, – განაცხადა კობახიძემ.

საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია. მაგალითად, ამომრჩეველი როგორც მთაწმინდიდან, ისე საბურთალოდან თბილისის საკრებულოში ირჩევს ერთ დეპუტატს. საბურთალოში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 134 582 ამომრჩეველს, ხოლო მთაწმინდაზე - 53 884-ს. ვინაიდან საბურთალოზე მაცხოვრებელი ამომრჩევლების რაოდენობა 2.5 ჯერ აღემატება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას, საბურთალოს რაიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის წონა 2.5 ჯერ მცირდება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით.

საია მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წელს არაკონსტიტუციურად მიიჩნია საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავდა ისე, რომ ირღვეოდა ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის თანაბარი წონის პრინციპი.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებზე ხმების თანაბრობის უფლებას ეხებოდა, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ იგივე მიდგომა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვისაც რელევანტურია“, – აღნიშნავს საია.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებას, საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საიას არასდროს ჰქონია პოლიტიკური ინტერესი ან რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადების განზრახვა.

„სარჩელის შეტანა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მაჟორიტარული საზღვრების ეს მოცემულობა, რომელსაც არაკონსტიტუციურად და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, მესამე მოსმენაზე გაჩნდა კანონში, როდესაც ჩვენ პროცესში აღარ ვიყავით ჩართული და გავლენასაც ვერ მოვახდენდით. ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში.

იმაზე ბევრი ვიფიქრეთ, როდის უნდა შეგვეტანა სარჩელი და არჩევნების წინ მისი შეტანა სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი დაკავშირება არჩევნების შედეგებთან და ამ ფაქტით მანიპულირება არ მომხდარიყო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელში არ დაგვიყენებია ნორმის შეჩერების მოთხოვნა და არც იმაზე ვუთითებთ, რომ ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის იდენტური შინაარსის მატარებელია, რის გამოც, სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე შეიძლება გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად, თუ რა თქმა უნდა, სასამართლო თვითონ არ მიიჩნევს ამას ასე“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, სასამართლოსთვის კანონით მიცემული ვადისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს საქმე ვერც არჩევნებამდე და ვერც ახლო მომავალში არსებითად ვერ იქნება გადაწყვეტილი, ხოლო სასამართლოს მიერ შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილება 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „სამართლებრივი ნონსენსია“ ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.

ხაზს გავუსვამ იმ გარემოებასაც, რომ ჩვენ არც გვაქვს უფლება, არჩევნების არაკონსტიტუციურობაზე ვიდავოთ ან რამენაირად გავლენა მოვახდინოთ მის შედეგებზე და თუ ამას სპეციალური სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, გააკეთებს, ამაზეც არ ექნება გავლენა ჩვენ სარჩელს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს ისევ მსჯელობა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, საიას სარჩელის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]