weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის არჩევნების ჩატარებას გმობს

23:58 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას გმობს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს.

საგარეო უწყების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში, რუსულ პარტიებთან ერთად, ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი,

ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

17-დან 19 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის დუმის არჩევნები ჩატარდა. რუსეთის ფედერაციაში მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმას ირჩევენ - 225 დეპუტატი პარტიული სიებიდან აირჩევა, 225 კი ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით. რუსეთის მოქალაქეებმა ასევე აირჩეს 9 რეგიონის მეთაური.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ხმის მიცემისთვის 10 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ხოლო აფხაზეთში - 9. კენჭისყრაში მონაწილეობა რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]