weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დმანისში ენმ-ის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი მოხდა – „ორი ადამიანი დაჭრეს“

18:54 სამშაბათი, 21 სექტემბერი 2021
ფოტოზე - გიორგი ტატუაშვილი და კახა ოქრიაშვილი ფოტოზე - გიორგი ტატუაშვილი და კახა ოქრიაშვილი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ერთიანი ნაციონალური მოძრობის მერობის კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი.

„დანა იხმარა დავით დაუთაშვილმა და ორი ადამიანი მძიმედ დაჭრა. ამის ძალიან ბევრი მოწმე გვყავს და ვიდეოკადრებიც გვაქვს. ეს არის ამ სოფელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი. ამას წინ უძღოდა ალიაქოთი, იყო ჩხუბი და რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზკურად დაშავდა“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

დმანისის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რომ მის საარჩევნო შტაბზე თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, სუს-ი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისგებაში არავის მისცემენ, რადგან ყველა არის მათი იმუნიტეტიანი აგენტი. არავის ეშინია არც სუს-ის და არც „ქართული ოცნების“. „ქართული ოცნება“ არჩევნებში წააგებს და იმიტომ წააგებს, რომ ის დაშორდა ხალხს და ძალადობს ხალხზე“, – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, „იყო გარკვეული გამომწვევი მოქმედებები, შტაბთან მივიდნენ ოპოზიციონერი კანდიდატები, შემდეგ კონფლიქტი გაჩნდა“. სარჯველაძის თქმით, ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია და რეაგირება აუცილებლად იქნება.

„ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და როგორიც არ უნდა იყოს მისი წვლილი ამ კონფლიქტის გაჩენაში, ის პასუხს აგებს კანონის წინაშე. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და ჩვენი პარტიის დამოკიდებულება.

ყველამ თავი უნდა შევიკავოთ როგორც სამართალდარღვევის პროვოცირებისგან, ასევე, საკუთრივ სამართალდარღვევისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვის დროს.

გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. ის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. 2020 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ ტატუაშვილი საკუთარი რიგებიდან გარიცხა „პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევის გამო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]