weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ის საელჩო დმანისსა და რუსთავში მომხდარ თავდასხმებს გმობს

01:40 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021
ფოტოზე -  აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ფოტოზე - აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დმანისსა და რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მათივე თქმით, მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.

„ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

21 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს პარტიის ორი მხარდამჭერი დანის გამოყენებით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე დმანისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავა. მანამდე, თავდასხმა მოხდა რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის მხარდამჭერზე. ივანე გველესიანს გვიან ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დავით კირკიტაძე მომხდარში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]