კარლ ჰარცელის კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-სამსახურმა გაავრცელა:
„გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.
ნება მომეცით, გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.
არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“.
გუშინ, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ევროკავშირის ოფისიდან გამოსული ირაკლი კობახიძე და შეხვედრაზე შესასვლელად მისული მელია ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ.
მელიას თქმით, კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დმანისში პროვოკაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. ის კობახიძისკენ წავიდა და ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად დაჭრა თავისი აქტივისტები. „ვინ თქვა ეგ?“, – უპასუხა კობახიძემ.
„ვინ თქვა კი არა, უსინდისო ხარ და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე უნამუსო, ბიძინა ივანიშვილის მონა, მართლა. შე ქვეშა*ჯვია, შენა, უნამუსო ბავშვო, შენ“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა კობახიძეს.
ირაკლი კობახიძემ მელიას შეაგინა, „ხულიგანი“, „ნაძირალა“, „პროვოკატორი“, „უინტელექტო“ და „ბინძური“ უწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას გაარიდეს. დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ.