ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს.
„გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებასა და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიული გადაწყვეტილებაა გაერთიანდეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში და ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას.
„განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით. ეს ფუძემდებლური ფასეულობები საერთო გვაქვს ევროპულ ინსტიტუტებთან.
ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა გვაქვს მომზადებული, რომელშიც მრავლად არის ისეთი ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველჰყოფს.
ამისათვის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავისი გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმასვლას აგრძელებს, სწორ გზაზე დგას და ქართული ოცნებები ხდება.