weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია – სუს-ის უფროსი

11:37 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სავარაუდოდ მისი უწყებიდან გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად სიმართლე გაირკვევა და „ყველას თავისი საკადრისი პასუხი გაეცემა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოძიება მას რატომ არ იბარებს გამოკითხვაზე, ლილუაშვილმა თქვა, რომ თავის თავს ვერსად დაიბარებს.

„თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას? რა თქმა უნდა იკითხებიან. მე რა შუაში ვარ? თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს.

გამოძიების შედეგად დადგება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, გაირკვევა სიმართლე და ყველას თავისი საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში. ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ასე რომ, ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. დაელოდეთ, გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ჟურნალისტმა ლულუაშვილს ჰკითხა აპირებს თუ არა გადადგომას, რაზეც მან უპასუხა: „მას შემდეგ, რაც თქვენ გადადგებით“

„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა, რომ საქმე უნდა აკეთოს იმან, ვინც საქმის გაკეთება იცის“, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მის გადადგომასთან დაკავშირებით.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.

ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]