weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია – კახაძე სუს-ის მოსმენებზე

16:19 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021

პარლამენტში პარტია ქართული ოცნების დეპუტატმა და ექიმმა რადიოლოგმა ლადო კახაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოქალაქეების ფარულ მოსმენაზე ისაუბრა და ეს ექიმის მიერ მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემის მოსმენას შეადარა. კახაძის თქმით, უსაფრთხოების სამსახურმაც მიღებული მონაცემები საზოგადოების საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ, კაცობრიობა ვცდილობთ ყოველ დღე მოვუსმინოთ დედამიწის ქერქს, კრატერებს, ვულკანებს, კოსმოსს მოვუსმინოთ, რომ საფრთხე ავიცილოთ. უსაფრთხოება ნიშნავს საფრთხის აცილებას“, – განაცხადა დეპუტატმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, უნდა უსმენდნენ თუ არა მას მაშინ, როდესაც ოჯახის წევრს ურეკავს, კახაძემ განმარტა:

„მოვისმინო რას ნიშნავს უყურე: მე მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია. იმას რამე უბედურება თუ სჭირს, მე უნდა მივეხმარო - ის აჩქარებული გულისცემა, არიქა ჰიპოქსია არ იყოს და წამალი მივცე.

უშიშროება სხვა თემაა. უსაფრთხოება ყველაფერში: განათლებაში, ჯანმრთელობაში, მედიცინაში, მასმედიაში უსაფრთხო უნდა იყოს სივრცე. უსაფრთხოება ნიშნავს ათი ყური, ასი თვალი, შემეცნება, ტელევიზია. ოღონდ მიღებული მონაცემები არც პოპულარიზაციის, არც საზოგადოების, ინდივიდის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენო. მის დასაცავად უნდა გამოიყენო“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.

ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]