weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკომ ე.წ. სისხლიანი ბანერების საკითხზე სამართალდარღვევა არ დაადგინა

10:28 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიძულვილის ენის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები შეისწავლა და სამართალდარღვევა არ დაადგინა.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, პირი, რომელმაც ბანერები შეუკვეთა, არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული.

„ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ამასთან, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს.

თბილისსა და რეგიონებში ბანერები „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ 17 სექტემბერს გააკრეს. ე.წ. სისხლიან ბანერებზე, რომლებმაც ზოგიერთ ადგილზე ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერები გადაფარეს, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წარმომადგენლები არიან გამოსახული.

ბანერებთან დაკავშირებით საჩივრები ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „დროამ“ წარადგინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]