როგორც ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი კანონდარღვევა დაფიქსირდა ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის და საჯვაროს ტერიტორიაზე და სოფლებში - დარჩელში, ჭკადუაშსა და განმუხურში.
„ბოლო ორი დღეა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ხორციელდება პირადობის მოწმობის ჩამორთმევა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეეჭვებათ, რომ არიან გაერთიანებული ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები.
ამ სქემაში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ წევრები: დავით დავითულიანი, რომელიც არის ამ სქემის მთავარი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის უფროსი, ტატო კიტია, რომელიც არის ზუგდიდში, კომბინატის პოლიციის უფროსი და რობერტ ჭეჟია, რომელიც არის ასევე შს სამინისტროს თანამშრომელი და მოვლენილია ზუგდიდში ამ საკითხებზე. ეს ადამიანები, „ქართული ოცნების“ წევრები, მიდიან ამომრჩეველთან, რომელიც ჰგონიათ, რომ არის ოპოზიციურად განწყობილი და მათ ეუბნებიან, რომ მისცენ პირადობის მოწმობები და მას არჩევნების მეორე დღეს დაუბრუნებენ“, – განაცხადა ანა წითლიძემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მოუწოდა, უკანონო ქმედებები შეწყვიტონ.
„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ირაკლი ლაგვილავამ ანა წითლიძის განცხადებას ფანტაზია უწოდა. ლაგვილავამ საკუთარი პარტიის ლიდერების მესიჯი გაიმეორა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს და 2 ოქტომბრის შემდეგ დესტაბილიზაციისთვის ემზადება.