weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თქვენზე დიდი რადიკალები, უბინძურესი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ – კალაძე ჟურნალისტებს

15:57 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს რადიკალები და „ქვეყანაში უბინძურესი ადამიანები“ უწოდა. მან ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც ამ უკანასკნელმა „ქართული ოცნებისა“ და ისრაელელი პოლიტტექნოლოგის, მოშე კლუგჰაპტის თანამშრომლობაზე შეკითხვა დაუსვა.

კალაძემ 2021 წლის არჩევნების პერიოდში კლუგჰარტთან კავშირი უარყო და ტელეკომპანია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ტყუილი და „ფეიკი“ მგონი გავიგეთ ვისი ხელწერაც არის და „დიფ ფეიკების“ გამოქვეყნებას როდის აპირებთ, ბატონო კახი?“, –ჰკითხა ჟურნალისტმა კალაძეს სავარაუდოდ, „ქართული ოცნებიდან“ გაჟონილ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტზე, რომლიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მმართველი პარტიის მიერ სამიზნეების წინააღმდეგ „დიფ ფეიკის“ მეთოდის გამოყენებას ითვალისწინებს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე სწორედ მოშე კლუგჰარტმა იმუშავა.

„მედიაზე შეტევა ვნახეთ, 5 ივლისს სადამსჯელო ოპერაცია მოგვიწყვეთ, გახარიას „კოკაინშიკი“ ნამდვილად უწოდეთ, რაც ნამდვილად ეწერა სტრატეგიაში. ფაქტებს გეუბნებით, ბატონო კახი. თქვენ გამოიყვანეთ რადიკალები გარეთ, ევროკავშირის ოფისთან თქვენი მხარდამჭერები მივიდნენ, „გლდანის ვოლკები“, „ვიტოს საძმო“, ბატონო კახი“, – მიმართა ჟურნალისტმა კალაძეს, რაზეც მან უპასუხა:

თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე“.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თბილისის მერი მისი დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც, მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოშემ ურჩია.

„იმაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა, ნახე სად მუშაობ“, – უპასუხა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო. ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ავტორიტარიზმისთვის არის დამახასიათებელი.

„ეს მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]