„სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს ადამიანი არის კლოუნი. ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით“, – ამბობს მმართველი პარტიის ლიდერი.
შეკითხვაზე, რას ემსახურება სააკაშვილის ეს საქციელი, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილს „შიდაპარტიული ამბები აწუხებს“.
„მას უნდა, რომ თავის თავზე მიიწეროს ის 25%-იანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებები და მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიწერს იმ 25%-ს, რომელიც შეიძლება აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ შიდა ბრძოლების მიზეზია ეს მასკარადი.
მიხეილ სააკაშილი არ არის საქართველოში. შეიძლება ეს ცუდიც არის, იმიტომ, რომ როდესაც ხალხმა გაიგო იმის შესახებ, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად დამობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით, თუმცა კანონი საბოლოოდ მაინც აღსრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დღეს, 8:35 საათზე გამოაქვეყნა. მას შემდეგ მან ღამის პერიოდში გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია და სულ მალე თბილისში იქნება. მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს ხვალ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, ხოლო 3 ოქტომბერს – თბილისის ცენტრში შეკრებისკენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.