მამუკა ხაზარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ახლა ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხავს წყალს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოშია. საკუთარ ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მალე თბილისში იქნება. სააკაშვილის საქართველოში ყოფნას ადასტურებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მის მიერ გავრცელებული ვიდეოა ბათუმში გადაღებული.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დააანონსა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებდნენ.
ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.