„იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ამ „ფეიკ“ ვიდეოებსაც ხარისხი მოაკლეს. ეს კიდევ ერთხელ არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს, მათი მხარდამჭერების, ამომრჩევლების აბუჩად აგდება და დარწმუნებული ვარ ამაზე, ძალიან მალე საკადრის პასუხს მიიღებენ, უკვე ძალიან მალე, ხვალ, არჩევნებზე.
მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი „ნაცმოძრაობას“ ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ: ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან.
„ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რომ ახლა საქართველოს პრემიერ - მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი გახლავთ ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, რომ როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოშია. საკუთარ ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მალე თბილისში იქნება. სააკაშვილის საქართველოში ყოფნას ადასტურებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მის მიერ გავრცელებული ვიდეოა ბათუმში გადაღებული.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დააანონსა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებდნენ.
ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.