„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია „ტრუს - კავეცში“ მისივე ენაზე რომ იმყოფება ეს ადამიანი. ის იმყოფებოდა ღამე, ვითომ ვიდეოს რომ დებდა ბათუმიდან, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ამ მოქმედებით, ამ ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“ საერთოდ. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო. წავიდა ვა-ბანკზე და ამ ვა-ბანკის, ამ რისკის შედეგად მიღო ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასრულდა და ამას ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ აჩვენებს საარჩევნო ყუთებთან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, მისი პარტიის ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ყალბი ვიდეო გამოაქვეყნა.
„ექსპერტიზის პასუხი ერთ დღეში ვერ იქნება, ხალხო. ეგეთი რაღაც წარმოუდგენელია. ჩვენმა სპეციალიტებმა, პარტიაში ვინც გვყავს, გვითხრეს დამაჯერებლად, რომ ეს არის „ფეიკი“ ვიდეო. მთელი რიგი მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ამის დასკვნა... იმიტომ გამოაგდეს ერთი დღით ადრე, რაღაც მოსმენების და შემდეგ გადაწერილი კრებსების არ იყოს, რომ შეუძლებელია ერთ და ორ დღეში ექსპერტიზის ჩატარება“, – თქვა ბრიფინგზე მდინარაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოშია. ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მალე თბილისში იქნება. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
სააკაშვილი, მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებას, ხვალ, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს აპირებდა. 27 სექტემბერს მან Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს უნდა გამომგზავრებულიყო და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე ჩამოსულიყო. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებდნენ.