weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან ფაქტებით დაადასტურონ ტყუილ-მართალი – პრეზიდენტი

17:20 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარებს ქართული ოცნება კი არა, სახელმწიფო უწყებები უნდა აკეთებდნენ.

„ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თემა, მართალია თუ ტყუილი ის, არღვევს წინასაარჩევნო გარემოს და აჩენს კიდევ გაზრდილი პოლარიზაციის წინაპირობას.

„ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე.

სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ უწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოშია. ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მალე თბილისში იქნება. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია. ამასთან, შსს-ში სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე კომენტარს არ აკეთებენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების ირწმუნებიან, რომ სააკაშვილის ვიდეოები ყალბია, არ არის გადაღებული ბათუმში და ის რეალურად, უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]